KA

გუგი (არქიტექტურა)

გუგი (ინგლ. Googie, ასევე პოპულუქსი ან დუ-უოპი – populuxe, doo-wop) — ექსპრესიონისტული, ფუტურისტულიარქიტექტურის განშტოება, რომელიც კალიფორნიაში წარმოიშვა 1940-იანი წლების ბოლოს სამანქანო კულტურის, კოსმოსისა და ატომის ხანის ზეგავლენით და გრძელდებოდა 1960-იანი წლების ბოლომდე. მახვილი, მორკალული გეომეტრიული ფორმებით, მინის, ლითონისა და ნეონის ელემენტების თამამი გამოყენებით ის ყავის სახლების, მოტელებისა და საბილიარდო/ბოულინგის ბარების დამახასიათებელი ექსტერიერი გახდა 1950-იან და 60-იან წლებში. ეს სტილი ერთგვარი სინონიმი გახდა იმ თაობის სულისკვეთების, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ხვდებოდა ამომავალ, კაშკაშა ტექნოლოგიურ, ფუტურისტულ ხანას.

სიეტლშიმსოფლიო ექსპოზიციისთვის აგებული სპეის ნიდლი, 1962.

დროთა განმავლობაში ნათელი გახდა რომ მომავალი არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ეს ამ მიმდინარეობის თანამედროვე ფუტურისტულ ანიმაციურ სიტკომებში იყო ასახული. შესაბამისად ამ სტილმაც ფუტურისტული ელფერი დაკარგა და ფასდაუდებელი გახდა. თუმცა, 1930-იანი წლების არტ-დეკოს სტილის მსგავსად, გუგის მისი თანამედროვეები სათანადოდ ვერ აფასებდნენ, სანამ ამ მიმდინარეობის მრავალი საუკეთესო ნიმუში სამუდამოდ არ დაიკარგა.

. . . გუგი (არქიტექტურა) . . .

ალან ჰესის წიგნში „გუგი: ორმოცდაათიანების ყავის სახლების არქიტექტურა“, სახელი „Googie“ დასაბამს 1949 წელს იღებს, როდესაც არქიტექტორმა ჯონ ლოტნერმა შექმნა შენობა ამავე სახელწოდების ყავახანისთვის (Googie’s), მკვეთრად გამორჩეული არქიტექტურული ელემენტებით. ეს ყავახანა სანსეტ ბულვარისა და კრესცენტ ჰაიტსის კუთხეში მდებარეობდა ლოს-ანჯელესში, თუმცა დანგრეულ იქნა 1980-იან წლებში. ჰესის თანახმად სახელი „გუგი“ აკვიატებული რუბრიკა გახდა არქიტექტურული სტილისთვის ერთ დღეს, როცა იელის პროფესორი დუგლას ჰასკელი და ფოტოგრაფი იულიუს შულმანი ლოს-ანჯელესში მანქანით მგზავრობდნენ. „Googie’s“-ს დანახვაზე ჰასკელს მანქანის გაჩერება დაუჟინია და აღტაცებულმა განაცხადა „ეს გუგის არქიტექტურაა“. ამ სტილს ეს სახელი საბოლოოდ შერჩა ჰასკელის მიერ 1952 წელს ჟურნალში „House and Home“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ.

სიეტლის “სპეის ნიდლი” (დეტალი).

ამ სტილის პირველი არქიტექტორის ვინაობა საკამათოა, თუმცა ამ რანგში ხშირად მოიხსენიებენ უეინ მაკალისტერს მისი 1949 წელს შექმნილი პროექტით რესტორნისთვის „Bob’s Big Boy“ ტოლუკა ლეიკში. მაკალისტერის გვერდით ყველაზე ნაყოფიერი გუგის სტილის არქიტექტორები იყვნენ ჯონ ლოტნერი, დუგლას ჰონოლდი, და პარტნიორები ლუი არმეტი და ელდონ დეივისი. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიზაინერ ჰელენ ლიუ ფონს, არმეტ და დეივისის ფირმის მთავარ წევრს. ფირმაში 1951 წელს მოსვლის შემდეგ მან შექმნა ისეთი სანიმუშო გუგის სტილის ინტერიერები, როგორიცაა Johnie’s Coffee Shop უილშირის ბულვარსა და ფეარფაქს ავენიუზე, ნორმის პირველი რესტორანი ფიგეროას ქუჩაზე და „ჰოლიდეი ბოული“ კრენშოუ ბულვარზე.

გუგის არქიტექტურის უნიკალურ სტილზე მნიშვნელოვანი გავლენა ამერიკელთა კოსმოსში მოგზაურობით გატაცებამ იქონია. კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობაზე მოსაზრებები უკვე 1920-იანი წლების მეცნიერულ ფანტასტიკაში გაჩნდა. ხოლო 1950-იანებში პირველად ისტორიაში კოსმოსში ადამიანის მოგზაურობა რეალობა გახდა. 1957 წელს ამერიკელთათვის ეს თემა უკვე აკვიატებული იდეა გახდა, როცა საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ-1 გაუშვა კოსმოსში „იდუმალი წყვდიადის“ დასაპყრობად. საბჭოთა კავშირის მიერ 1961 წელს დედამიწის ორბიტაზე პილოტირებადი ხომალდის „ვოსტოკ-1“ გაშვების შემდეგ, რომელმაც კოსმოსში პირველი ადამიანი – იური გაგარინი – აიყვანა, ეს აკვიატებული იდეა უკვე თითქმის საყოველთაო მანიად გადაიქცა. ეიზენჰაუერისა და კენედის ადმინისტრაციებმა კოსმოსში პირველობაზე წითლებთან შეჯიბრი უმნიშვნელოვანს ეროვნულ პიორიტეტად გამოაცხადეს. ეს იყო „კოსმოსური რბოლის“ დასაწყისი.

ვინაიდან კოსმოსის დაპყრობა ეროვნული „ცაიტგაისტის“ ამდენად მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, მასებისთვის მომავლის ცოტაოდენი „გემოს გასინჯვის“ საშუალება მიეცათ. ამგვარად, გუგის სტილის ერთგვარი ხელწერა მახვილი კუთხეები და მორკალული ფორმები გახდა, რაც სარაკეტო ხომალდის აეროდინამიულობას მიანიშნებდა. ასევე, ვინაიდან რაკეტა იმ დროისთვის ტექნოლოგიური სიახლე იყო, ეს ფორმები ამ უნიკალურ არქიტექტურაში ხშირად გაზვიადებულ გამომწვევ ხასიათს ატარებდა. გუგის მემკვიდრეობის ყველაზე განთქმულ ნიმუშად უდავოდ სიეტლისსპეის ნიდლი (ინგლ. კოსმოსური ნემსი, სურათზე ზემოთ) ითვლება.

ზოგისთვის ტერმინი გუგი ასოცირდება ესთეტიკურად განდგომილ, გარიყულ არქიტექტურულ სტილთან. სხვათათვის კი გუგი მომავლისადმი იუმორისა და ენთუზიაზმის გონებამახვილი ასახვაა არქიტექტურულ სტილში, რომელსაც აწ უკვე წარსული პერიოდის სასიამოვნო მოგონება მოაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს სტილი დროთა განმავლობაში მოდიდან გავიდა და მისი ნიმუშების დიდი რაოდენობა სრულიად განადგურდა, შეცვალა რა უფრო ფუნქციონალურმა, თუმცა გუგის კიტჩურ შარმს მოკლებულმა, ნაგებობებმა.

. . . გუგი (არქიტექტურა) . . .

This article is issued from web site Wikipedia. The original article may be a bit shortened or modified. Some links may have been modified. The text is licensed under “Creative Commons – Attribution – Sharealike” [1] and some of the text can also be licensed under the terms of the “GNU Free Documentation License” [2]. Additional terms may apply for the media files. By using this site, you agree to our Legal pages . Web links: [1] [2]

. . . გუგი (არქიტექტურა) . . .

Back To Top