საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა — XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული დისიდენტური მოძრაობა, რომლის მიზანი იყო საქართველოს გასვლა საბჭოთა კავშირიდან და დამოუკიდებლობის მოპოვება.
. . . საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა . . .
1970-იან წლებში საბჭოთა კავშირში გაჩნდა დისიდენტური მოძრაობები, მათ შორის დისიდენტური მოძრაობები გაჩნდა საქართველოს სსრ-შიც. 1974 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი „ჰელსინკის კავშირი“. ქართული დისიდენტური მოძრაობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო, რომ ის აქცენტს აკეთებდა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე, არამედ ცდილობდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის პოპულარიზაციას. საქართველოში დისიდენტური ბრძოლის ძირითად სახედ იქცა არალეგალური ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება. ამ საქმის სათავეში იდგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომლებიც 1970-იან წლებში გამოსცემდნენ ჟურნალ „საქართველოს მოამბესა“ და „ოქროს საწმისს“. 1977 წელს გამსახურდია და კოსტავა დისიდენტური საქმიანობის გამო დააპატიმრეს. ქართველი დისიდენტები აგრეთვე ცდილობდნენ დასავლეთის სახელმწიფოებისთვის მიეწვდინათ ხმა საბჭოთა რეჟიმის შესახებ. ასეთი საქმიანობის გამო დააპატიმრეს ვიქტორ რცხილაძე, ავთანდილ იმნაძე, ვალენტინა ფაილოძე.
1978 წელს გაიმართა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დასაცავად. 1970-იან წლებში დისიდენტები ასევე აქტიურად აყენებდნენ გარემოს დაცვისა და ისტორიული ძეგლების დაცვის საკითხებს. დისიდენტები ეწინააღმდეგებოდნენ 1970-იან წლებში არსებულ იდეას მეტეხის ეკლესიის ახალგაზრდულ თეატრად გარდაქმნის შესახებ, გარდა ამისა, ზვიად გამსახურდია აქტიურად ითხოვდა დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს საბჭოთა სახედრო პოლიგონის გაუქმებას.
. . . საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა . . .